Dec 30, 2011

ჩემი საახალწლო მენიუ :)


ამ ბოლო დროს ჩემს ბლოგზე შემოდიან საახალწლო სუფრისა და საახალწლო სალათების საძიებლად. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა რას ვაპირებ საახალწლოდ და როგორი სუფრა მექნება.

სულ ვაკეთებ ორ კერძს და ორივეს რეცეპტს დავდებ ამ პოსტში
პირველი კერძი: სალათა კრაბის ხორცითა და შებოლილი ორაგულით 
ინგრიდიენტები:
4 მოხარშული კვერცხი (გულის გარეშე ) დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
2 მოხარშული კარტოფილი, დაჭრილი საშუალო ზომის ნაჭრებად
100 გრამი კრაბის ხორცი (კრაბის ჩხირები წავა მაგრამ ეგენი არც ისე გემრიელები არიან როგორც თავად ხორცი). დაჭრილი საშუალო ზომის ნაჭრებად.
100 გრამი შებოლილი ორაგული , აფლითეთ.
50 გრამი  გაროხი
50 გრამი სიმინდი
1/4 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
ერთი კონა კამა, წვრილად დაჭრილი.
ერთი კონა ახალი ხახვი, წვრილად დაჭრილი.

დრესინგი:
250 გრამი ხაჭო + 100 გრამი არაჟანი, პილპილი, მარილი გემოვნებით.

თანმიმდევრობა:
ყველა ინგრიდიენტი ნაზად აურიეთ ერთმანეთში, შეამოწმეთ პილპილსა და მარილზე. შედეთ მაცივარში 4-5 საათით.


მთავარი კერძი - ორაგული კაპრისით
ორაგულის ნაჭრები ჩადეთ შუშის დაამატეთ  ერთი პატარა ქილა კაპრისი, 200 გრამი მაღალი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო, ერთი ლიმონი თხლად დაჭრილი ნაჭრებად, პილპილი, მარილი, ორი კბილი თხლად დაჭრილი ნიორი, 2 დაფნის ფოთოლი. ეს მარინადი თავზე მოვასხი შუშის ჭურჭელში ჩაწყობილ ორაგულის ნაჭრებს და შევდე მაცივარში. მარინადი დატოვეთ მინიმუმ 12 საათი მაქსიმუმ 24 საათი.

დროის გასვლის შემდეგ: გამოვიღებ ორაგულის მარინადს და წვენიან ყევლარიანად გადავაწყობ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. თავზე მოვაწყობ ბროკოლის ყვავილებს, ჭურჭელს გადავაკრავ ალუმინის ქაღალდს და ჰაიდა წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით smile.gif

სოუსად - თუ არ დამეზარა სოკოს სოუსი, თუ დამეზარა და მარტივი არაჟნის სოუსი ასევე ლიმონის და კამის არომატით.

დესერტი: 
გოზინაყი, ხილი, შოკოლადი.

სასმელი:
თევზისათვის თეთრი ნახევრად ტკბილი ტოკაი.
დესერტისათვის - ნახევრად ტკბილი შამპანიური.

სულ ესაა ჩემი საახალწლო სუფრა, და ჩემი რჩევა იქნება - ნუ გადაყრით ფულს საჭმელში, რადგან დღესასწაული საჭმლის რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. ალბათ იტყვით რომ სტუმრებს რითი გავუმასპინძლდეო, ჩემი პასუხი იქნება იმით რაც გაქვთ და რისი შესაძლებლობაც გაქვთ. ნუ გაიგიჟებთ თავს მხოლოდ იმიტომ რომ სტუმრებს რა ვაჭამოთო, იმიტომ რომ ეს თავის გაგიჟება ისევ თქვენს ჯიბეს დაეტყობა დღესასწაულების გასვლის შემდეგ. ამიტომ გააკეთეთ რამოდენიმე თავი საჭმელი რომელიც გემოვნებით იქნება შერჩეული, სტუმრებს კი თავი თქვენი კარგი განწყობით დაამახსოვრეთ და არა სუფრაზე დაგროვებული საჭმლით :)

შეხვდით ახალ წელს  მშვიდად და ბედნიერად :)

ბედნიერ 2012 წელს გისურვებთ :)

პროდუქტი რომლის ღირებულებაც ხელოვნურად გაზრდილია?!

მორიგი კულინარიული გადაცემის ყურებისას ვნახე თუ როგორ წავიდა ერთი შეფი ნორვეგიაში, დაიჭირა დიდი კიბო რომლის ფეხები 80 სანტიმეტრამდე აღწევდა და მოამზადა. გადაცემის ყურების შემდეგ სულ მაინტერესებდა ამ პროდუქტის გასინჯვა, მაგრამ არა რესტორანში არამეც ჩემს მიერ მომზადებულის. ხოდა დღეს გავიმეტე ფული და კიბოს ორი ფეხი ვიყიდე :). ყიდვა ერთია მაგრამ მომზადება მეორე. მოძიებული რეცეპტებიდან არცერთმა  მიმიზიდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემს კულინარიულ "ინტუიციას" მივნდობოდი და შედეგმა მართლა გამახარა :)

ასე მგონია ეს რეცეპტი ნებისმიერ კიბოსებრთა ოჯახისათვის გამოგადგებათ ამიტომ თამამად გამოიყენეთ :). ავიღე ღრმა ტაფა, ჩავაგდე 30 გრამი კარაქი, რამოდენიმე ნაჭერი ლიმონი, კიბოს ფეხები, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, ნივრის დაჭრილი ორი კბილი, დავასხი კარგი ხარისხის თეთრი ღვინო, დავახურე ტაფას თავსახური და შემოვდგი ცეცხლზე. რადგან კიბოს ფეხებისთვის გარნირად ბროკოლი მქონდა გადაწყვეტილი, ვიფიქრე რომ მისი მომზადება იგივე ტაფაში უფრო გემრილი იქნებოდა. ამიტომ ერთი დიდი ბუკეტი იქვე მივუდე გვერდზე :)


 10 წუთიანი თუხთუხის შემდეგ დაბალ ცეცხლზე აი ასე დაითუშა კომბოსტო :)


დასკვნა: კერძი თავისთავად გემრიელია, კიბოს ნაზი ხორცი სასიამოვნოდ დნება პირში,  მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ღირს ეს პროდუქტი ასე ძვირი (1 კგ = 56 ევრო).

Dec 29, 2011

Home Sweet Home :)

თქვენ თუ არ მჯდარხართ თვითმფრინავში რომელსაც შტორმი ფეხბურთის ბურთივით ათამაშებს მაშინ არ გამოგიცდიათ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ატრაქციონი, არ გინახავთ 180 ადამიანის შეშინებული სახე სკამს რომ ჩასჭირდებია და შველას მფრინავისაგან, ღმერთისგან ან ორივესაგან რომ ელის. მეც კი, გემრიელად ვიყავი მისკუპებული მაგრამ სამწუხაროდ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი იმისგან რაც ხდებოდა - ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ და ჩემი განწყობა რაღაც მომენტამდე იყო დადებითი, ვფიქრობდი ასეთი მაგარ "ატრაქციონზე" ალბათ ცხოვრებაში ვერ დავჯდებოდითქო :)  თუმცა.... რამოდენიმე ხნის შემდეგ აღფრთოვანება სიბრაზეში გადაიზარდა, სიბრაზე კი უკვე შიშში :) საბედნიეროდ ეს ბოლო მომენტი დიდ ხანს არ გაგრძელდა იმიტომ რომ მფრინავმა მოახერხა მშვიდობიანად დაშვება :)

ხოდა როგორც ხვდებით სახლში ჩამოვედი და რამოდენიმე სურათს გაგიზიარებთ 6 დღიანი არდადეგებიდან :) ტელეფონით გადაღებული სურათებია და ხარისხიც შესაბამისია :)

ეს მატიაშის ტაძარი მეთევზის ბასტიონზე. რემონტი დაამთავრეს და ეკლესია შესანიშნავ ფორმაშია :)

 ხედი მეთევზის ბასტიონიდან. ბურუსში მკრთალად მოსჩანს მარგრიტის ხიდი, სამაგიეროდ პარლამენტი როგორც ყოველთვის თავს იწონებს დუნაის სანაპიროზე :)
 ესეც ბუდაპეშტის ცნობილი ჯაჭვის ხიდი :) ძალიან ლამაზი, მაგრამ ვიწრო ხიდია და იმედი მაქვს მასზე ტრანსპორტის მოძრაობას ერთ ლამაზ დღეს სრულიად აკრძალავენ :)
 ესეც ხელნაკეთი გადასაფარებლები მეთევზის ბასტიონის ბაზრიდან :)
 ბუდაპეშტი და უნგრეთი წიწაკის გარეშე როგორ იქნება :)
 ეს კიდევ შოკოლადების ვიტრინა, აეროპორტში გადავიღე :)
 კიდევ უფრო მეტი შოკოლადები :)
 და ესეც ლამაზი ფორმის ბარგის გადასაზიდი კალიასკა  ბუდაპეშტის აეროპორტიდან :)
სურათებს კიდევ დავდებ :)

Dec 20, 2011

კიდევ რამოდენიმე იდეა სადღესასწაულო სუფრის დეკორაციისათვის :)

ეს ლამაზი იდეები კი აი ამ ბლოგზე ვიპოვე :) დამეთანხმებით მათი რეალში განხორციელება ნამდვილად ადვილია :) 

თეფშების ეს დეკორაცია ძალიან მომწონს :) ლამაზი გირჩი აქვს და ფერიც ლამაზია :)

ესეც ძალიან მომეწონა :) ამ ყუთში პატარა შოკოლადი ან რაიმე სუვენირია ალბათ :)
წითელი ფერი ტრადიციული დერია შობა ახალი წლისათვის :)





Dec 19, 2011

სადღესასწაულო სუფრის დეკორაცია, გაგრძელება :)

როგორც შეგპირდით ვაგრძელებ სადღესასწაულო სუფრის დეკორაციების დადებას :) ეს დეკორაციები აი ამ ბლოგზე ვიპოვე :) იმედია შეარჩევთ თქვენთვის მოსაწონ თემას :)








Dec 18, 2011

სადღესასწაულო სუფრის დეკორაცია :)


ჩემის აზრით სადღესასწაულო განწყობა საჭმელს კი არ შემოაქვს არამედ სუფრის და სახლის მორთულობას. ამიტომ ამ პოსტში გთავაზობთ სუფრის მორთულობის რამოდენიმე ვარიანტს, დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, იმისათვის რომ თქვენც მოასწროთ სასურველი დეკორაციების შეძენა ან თავად მომზადება :) სურათების უმრავლესობა ამ ბლოგიდანაა 

მომდევნო კვირის განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრ იდეას შემოგთავაზებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ბლოგის ახალ პოსტებს :)








დეკორაციების მოძებნას კიდევ გავაგრძელებ და სიახლეებს შემოგთავაზებთ ბლოგზე :)

Dec 16, 2011

მარტივი და გემრიელი საშობაო დეკორაციები :)

იმ მცირედისგანაც კი რაც სახლში მოგვეპოვება სულ ადვილად შეიძლება სურნელოვანი საახალწლო-საშობაო დეკორაციების მომზადება :) დღეს ორ ვარიატს გთავაზობთ :)

გემრიელი სასანთლე : შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი, თუმცა ჩემის აზრით ფორთოხალი ან ციტრუსებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენელი საუკეთესოა რადგან სითბოში სასიამოვნო სურნელს გამოსცემს. ხილი ნაზად ამოღრუტნეთ შუაში და შიგნით სანთელი ჩადეთ, ისე როგოც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები (ვაშლში გავაკეთე მე იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ფორთოხალი მქონდა დარჩენილი)
 

ეს ლამაზი ფორთოხალი კი მიხაკის ყვავილებით მოვრთე. როგორც ხედავთ მისი მომზადება ძალიან ადვილია უბრალოდ იღებთ ფორთოხალს ან სხვა ციტრუსს და მასში მიხაკის ყვავილებს არჭობთ. ასეთი დეკორაცია ძალიან სურნელოვანია და ნემისბიერ სამზარეულოს ალამაზებს და საშობაო განწყობა შემოაქვს :) ის თუ რას ვუპირებ შემდეგში ამ ფორთოხლის კანს საიდუმლოა, და თუ გამომივიდა ჩანაფიქრი აუცილებლად გაგიზიარებთ :)








Dec 12, 2011

ლუსივეფხვები, ლუსიინიდაიანი და ვინ იცის იქნებ ლუსიბუც

13 დეკემბერი სინათლის დღესასწაულის დღეა. ამაზე ადრე დავწერე ამიტომ ამ პოსტში აღარ განვმეორდები.

პირადად ჩემთვის 13 დეკემბერს მხოლოდ ორი დატვირთვა აქვს - პირველი ის რომ ჩემი დის დაბადების დღეა და მეორე ის რომ შაფრანიანი ფუნთუშების გამოცხობის დროა :)

ხოდა ამ წელსაც არ გავუშვი სიტუაცია ხელიდან და გამოვაცხვე შაფრანიანი, თუმცა წინა წლებთან და ადგილობრივ ტრადიციებთან შედარებით ძალიან განსხვავებული ფუნთუშები. ანუ ლუსიკატებთან ერთად გამოვაცხვე ლუსივეფხვები და ლუსიინიდაიანი. მინდოდა ლუსიბუს გამოცხობა მაგრამ არ გამომივიდა. მომავალ წელს ვსინჯავ.

ჩემი ფუნთუშები კი საბოლოოდ ასე გამოიყურება :) 


თუ რეცეპტმა დაგაინტერესათ გადადით შემდეგ ბმულზე - შაფრანიანი ფუნთუშები

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები - ალცჰაიმერის დაავადება


ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, არამედ სტაბილურად და ზომიერად ერთ ადგილას იფრინე - მოკლედ რომ შევაჯამო ეს იყო დღევანდელი მომხსენებელის დასკვნა ალცჰაიმერის დააადებასთან დაკავშირებით და თუ რატომ ქვევით დავწერ. 

დღეს 8 საათანი ლექციების შემდეგ მეცნიერულ მეთოდებში (ამაზე ცალკე უდნა დავწერო პოსტი) ძალა მოვიკრიფე და პედაგოგების სახლისაკენ გავწიე. სწორედ პედაგოგების სახლში იმართებოდა ლექცია რომელსაც აგერ უკვე ერთი თვეა ველოდებოდი - სიახლეები ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებით.

დანიშნულების ადგილას დაახლობით ნახევარი საათით ადრე მივედი, კარგად მოვკალათდი და დიდის ყურადღებით დავიწყე მომსვლელთა თვალიერება.  როგორც მოველოდი, აუდიტორიაში ბევრი ასაკოვანი ადამიანი იყო, შიგდაშიგ კი ახალგაზრდა ადამიანებიც ჩანდნენ.

რა გავიგე ახალი ლექციის დროს? თურმე მომავალ წელს სამი დიდი პროექტის შედეგები გახდება ცნობილი. ეს პროეტები ეხება ალცჰაიმერის შემანელებელ მედიკამენტების ეფექტებს და ყველაზე მეტად რამაც დამაინტრიგა ალცჰაიმერის საწინაამღდეგო ვაქცინას რომლის შემუშავებასაც თურმე ბოლო ათი წელია ცდილობენ. ასევე გავიგე რომ არსებობს ოთხი სახის მედიკამენტი რომლებსაც შედარებით დადებითი შედეგი აქვს ალცჰაიმერის  დაავადების პროგრესის შენელებაზე. ამ წამლების სახელები არ უთქვამს.ასევე გავიგე რომ დიაგნოზი სენილურ დემენცია როგორც ასეთი აღარ ასებობს და მას ქვია ალცჰაიმერის დაავადება.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება რომელიც ამ საღამოს მივიღე? რა და აუდიტორიის feedback-ი! მინდა გითხრათ რომ მოხუცები ფრიად გარკვუელნი და ნაკითხნი იყვნენ ალცჰაიმერისა და სხვა დემენციური დაავადებების შესახებ.  მათ ქონდათ კონკრეტული კითხვები და ასევე სურდათ კონკრეტული პასუხების მოსმენა. რადგანაც ჩემი პროფესია კლიენტების განათლებასაც მოიცავს, მინდა ავღნიშნო რომ ეს გამოცდილება მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

რაც შეეხება პეპელას, მომხსენებელის მიხედვით თუ ტვინის სტიმულაცია არასაკმარისად ხდება მაშინ უჯრედების ფუნქციონირება ნელდება და შეიძლება დაიწყოს დეგენერაცია. თუ სტიმულაცია ძალიან ძლიერი და ამავე დროს დროში გახანგრძლივებულია, მაშინ რისკია რომ მოხდება უჯრედების დეგენერაცია. ამიტომ მომხსენებელმა ყველას გვირჩია სტაბილურად ზომიერი ტემპით მუშაობა და  მოგვიწოდა ფიზიკური აქტივობისა და  ჯანსაღი კვებისაკენ :)

პ.ს. ეს სკამი პედაგოგების კამპუსში ვნახე, ძალიან მომეწონა და სურათი გადავუღე :)

Dec 10, 2011

საუკეთესო საშობაო საჩუქარი :)

ფორუმელი farfalinaს მიერ მომზადებული შოკოლადებით შთაგონებულმა, დღეს ვერ მოვითმინე და მეც ვცადე მათი მომზადება :) რადგანაც მზა რეცეპტი არ მქონია, ვცადე ცოტა იმპროვიზაცია, და ამჯერად ნამდვილად გამიმართლა :)


დარწმუნებული ვარ ეს შოკოლადები საუკეთესო საჩუქარია საშობაოდ და საახალწლოდ, რადგან მათ მომზადებაში დებთ თქვენს ემოციებს, მონდომებას და ფიქრს იმ ადამიანებზე რომლებისთვისაც გინდათ მათი მირთმევა. მითხარით რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი საჩუქარი? ჩემთვის არც არაფერი :)

მასალა:
22 შოკოლადის ბურთულასათვის დაგჭირდებათ:
22 ცალი თხილი ან ნუში
150 გრამი ნუგა (გაყეთ 22 ტოლ ნაწილად) (ნუგა თუ ვერ იშოვეთ გთავაზობთ უკეთეს ვარიატს, რეცეპტი იხილეთ პოსტის ბოლოს! )
200 გრამი მარციპანი (გაყეთ 22 ტოლ ნაწილად), ნაყიდი ან სახლში მომზადებული
150 გრამი შავი შოკოლადი
10 გრამი თეთრი შოკოლადი მოსართავად, ან თხლად დაჭრილი ნუში და თხილი. რომელიც გაქვთ.
მიმდევრობა:
1. მარციპანი გააბრტყელეთ საბრტყელებელ დაფაზე. გაყეთ ტოლ ნაწილებად.
2. თხილი/ნუში ჩადეთ ნუგის მასაში და კარგად დაამრგვალეთ. ჩქარა უდნა იმოქმედოთ რადგან ნუგა ადვილად დნება.
3. მარციპანის ფიფიტა ნაზად გადააკარით ნუგიან ნუშს/თხილს და ხელით დაამრგვალეთ.  ბურთები დააწყვეთ თეფშზე და შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.
4. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 150 გრამი შავი შოკოლადი. მაცივრიდან გამოიღეთ ბურთები და ჩქარ ჩქარა ამოავლეთ (მარციპანი რომ არ დადნეს)
5. თუ ბურთების მორთვა თეთრი შოკოლადით გინდათ, მაშინ ისინი უნდა გააცივოთ და მხოლოდ შემდეგ მორთოთ ასევე აბაზანაზე დამდნარი შოკოლადით. ხოლო თუ ბურთების მორთვა თხილით გინდათ მაშინ წინასწარ მოამზადეთ თხილი და ცხელ ცხელ შოკოლადზევე მოაყარეთ.
6. შოკოლადში ამოვლებული ბურთები დადეთ სადმე გრილ ადგილას (მაცივარში არა!)

თუ თქვენს მიერ მომზადებული შოკოლადის ბურთები საჩუქრად გინდათ მაშინ მოამზადეთ ლამაზი ყუთი და მათში ჩადეთ. ყუთების მომზადება სულ ადვილია თუ დაგუგლავთ Christmas origami boxes. :)

ნუგის ნაცვლად გამოგადგებათ შემდეგი სატენი:
სრულიად მართებული შენიშვნა მივიღე ნუგასთან დაკავშირებით. თუ მას ვერ იშოვით მაღაზიაში, მე გთავაზობთ შემდეგ ვარიანტს:
აიღეთ 150 გრამი ნუტელა და მასში გაურიეთ კარგად დაფქვილი თხილი ან ნუში. კარგად ამოურიეთ მასას, უნდა მიიღოთ პლასტელინივით მასა რომ მისი ფორმირება შესძლოთ ხელით. ეს მასა გაკეთებული მაქვს და ნუგას ბევრად ჯობია!!!


Dec 7, 2011

მათთვის ვინც საკუთარი საქმის დაწყებაზე ფიქრობს

იყო თვითდასაქმებული დამეთანხმებით საკმაოდ მომხიბვლელი მაგრამ ამავდროულად რთული პროცესია. ბევრისათვის რთული იმიტომ რომ არ იცის საიდან დაიწყოს, ბევრისთვის იმიტომ რომ არ აქვს ადმინისტრატიული უნარ ჩვევები, თუმცა თუ სურვილი არსებობს ჩემის აზრით ყველაფერს ეშველება.

ეს პოსტიც დამწყებ თვითდასაქმებულებს ეხება (ან მათ ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება). პოსტის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქ 10 Ways You Can Advocate for Your Therapy Services, ავტორი ოკუპაციურ თერაპიაზე საუბრობს მაგრამ ჩემის აზრით პრინციპები იმდენად ზოგადია რომ სხვა სფეროებშიც შეიძლება მათი განზოგადება. ზემოთხსენებული პოსტის რეზიუმეს კი ამ პოსტში შემოგთავაზებთ :)

პირველ რიგში რათქმაუნდა საჭიროა ჩამოყალიბდეთ რას სთავაზობთ მომხმარებელს, ვინ არის თქვენი სერვისების მომხმარებელი, შექმნათ პროგრამა რომელსაც ბროშურებად დაბეჭდავთ, ასევე სასურველია სავიზიტო ბარათების დაბეჭვდაც. შემდეგ დაფიქრდით სად არიან ის ადამიანები რომლებიც თქვენი პოტენციური კლიენტები არიან - საავადმყოფოში, სკოლებში, ბაღებში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ან უბრალოდ ქუჩაში. ამის შემდეგ:

  • მოამზადეთ სპეციალური პაპკები სადაც მოათავსებთ ინფორმაციას თქვენს და თქვენი პროგრამის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, ბროშურებს თქვენი სერვისების შესახებ და ასევე რათქმაუნდა თქვენს სავიზიტო ბარათებს. ამ ინფორმაციის გამოკვრა სხვადასხვა ორგანიზაციის საინფორმაციო დაფებზე სულ ადვილად არის შესაძლებელი, და დაინტერესებული პირებიც ადვილად მოახდენენ თქვენთან დაკავშირებას. (გაითვალისწინეთ რომ მსგავსი რამის გაკეთება ორგანიზაციის ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე არაა სასურველი)
  • დაბეჭდეთ საინფორმაციო ბარათები და დაურიგეთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს. ბარათებზე ისევ და სიევ დაწერეთ ვინ ხართ, რას სთავაზობთ კლიენტებს და რა ეღირება ეს შემოთავაზება. შეგიძლიათ ბონუსებიც მიუთითოთ, მაგალითად თერაპიის პირველი სესია ან პირველი 30 წუთი ანაზაურების გარეშე. 
  • კომუნიკაცია იგივე პროფილის თერაპევტებთან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან თქვენ ცვლით ინფრომაციას და გამოცდილებას. 
  • დაბეჭდეთ ფლაერები და გამოაკარით სხვადასხვა მაღაზეიების, კაფეების, სკოლების, ბარების და ა.შ. საინფორმაციო დაფებზე. ფლაერების დარიგება ქუჩაშიც შეგიძლიათ. ბოლოსდაბოლოს ეს თქვენს საქმეს წაადგება.
  • იყავით მოქნილები სერვისის ფასებთან და გადახდის საშუალებებთან დაკავშირებით.
  • აქტიურად გამოიყენეთ სოციალური ქსელები თქვენ საქმიანობაზე სასაუბროდ. შექმენით ბლოგი რომელიც ეხება იმ სფეროს რომელშიც თქვენ მუშაობთ, აქტიურად დაუკავშირდით სხვა ბლოგერებს რომლებიც იგივე ან მომიჯნავე სფეროებში მუშაობენ.  
  • აქტიურად ითანამშრომლეთ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ სპეციალისტებთან. ჯანსაღი ინტერესი ყოველთვის მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ კითხვები თუ გაგიჩნდებათ, მათზე პასუხს ყოველთვის მიიღებთ. 

და ბოლოს გაითვალისწინეთ რომ საკუთარი საქმიანობის დაწყება დიდ შრომას და რესურსებს მოითხოვს, თავიდან შეიძლება კვირაში 70 საათიც კი იმუშავოთ, მაგრამ როცა საქმე აეწყობა, მერე უკვე უფრო ადვილი გახდება მუშაობა დროის მენეჯმენტის მხრივ. 

ამ კვირის დასკვნები :)

დასკვნები:
ცოდნას მაშინ ვიძენ როცა საკუთარი მოსაზრებები წაკითხულის ან მოსმენილს არ ემთხვევა, და ვცდილობ გავარკვიო რატომ ხდება ასე, რას გულისხმობს ავტორი.

ცოდნას და გამოცდილებას მაშინ ვიძენ როცა ვმუშაობ ადამიანებთან რომლებიც 100% -ით განსხვავდებიან ჩემგან. მე კი ვცდილობ საერთო ენა გამოვნახო და თანამშრომლობა პროდუქტიული გავხადო.

გამოცდილებას მაშინ ვიძენ როცა გუნდის გადაწყვეტილებას არ ვეწინაამღდეგები მაგრამ ვცდილობ მოვძებნო ის როლი თუ დავალება რომელიც თანხმობაში მოვა ჩემს ინდივიდუალურ და გუნდურ გადაწყვეტილებასთან.

...და ბოლოს ასე მგონია ეს პროცესი არასდროს დასრულდება. და კიდევ კარგი, იმიტომ რომ სხვანაირად მოსაწყენი იქნებოდა ყოველდღიურობა.