Aug 3, 2011

სვანური ფოლკლორიდან

ეს ლექსი ფორუმზე ვნახე, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე გაზიარება :)


სად მიდიხარ თეთრო თამბი?

- მთაში მივდივარ სანადიროდ.

- მთაში ვეფხვია, თეთრო თამბი,

ბევრი წასულა, ვერ მოსულა.

არ დაიშალა თეთრმა თამბიმ,

შიში გულში არ გაიტარა:

- მკლავი რად მინდა მოუღლელი,

მშვილდი რად მინდა მოუხრელი,

ხმალი რად მინდა ჯავარდნისა,

ახალმთვარობას გაჭედილი...



ცისა და მიწის შესაყართან,

დღისა და ღამის შესაყართან,

მზისა და მთვარის შესაყართან,

თამბი და ვეფხვი შეიყარნენ...



...ტორი ჩამოჰკრა ზოლიანმა,

ჯაჭვ-აბჯარი ჩამოახია.

- ტანი რად მინდა მოხატული,

თუკი ნახტომი ამიცდება!

მაშინ გახელდა თეთრი თამბი,

ხმალი დაჰკრა, მძიმედ დადრიკა.

ვეფხვის ზმორება სასიკვდილო

მდინარეს ჰგავდა ადიდებულს...

- ფიცხი ყოფილხარ, ზოლიანო,

მოყმე ყოფილხარ უშიშარი.

მე ართვალი რისთვის მეგონე,

მოხატული ტანი გქონია.

ეკლიანი რისთვის მეგონე,

ატლასივით ბეწვი გქონია.

მოუქნელი რისთვის მეგონე,

ელვასავით ტორი გქონია,



ნეტავი შენ არ მომეკალი,

მამაჩემი შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ალალი ძმა შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ღვიძლი შვილი შემომკვდომოდა.

ნეტავი შენ არ მომეკალი,

ან შენთან ერთად მოვმკვდარიყავ

1 comment:

Keti said...

მეც მომეწონა, კარგია, რომ გაგვიზიარე :)