Jul 16, 2011

ფიქრები ესე ბოტანიკურსა ბაღსა შიდა

დღეს ბოტანიკურ ბაღში ოთხ საათიანი სეირნობის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩვენი განყოფილების მობინადრეებზე. ვფიქრობდი რომ აზრი არ აქვს როგორ იცხოვრე მანამდე, იყავი თუ არა დაოჯახებული, გყავდა თუ არა შვილები, მეგობრები, ამხანაგები, ნათესავები, უბრალო დამლაგებელად მუშაობდი თუ დიდი კომპანიის შეფად, მილიონერი იყავი/ხარ თუ უბრალო პენსიონერი, დონჟუანი იყავი თუ უბრალო, ოჯახზე გადაყოლილი მამა -ბოლო მაინც ერთია, ფიზიკურად და ფსიქიკურად დაუძლურებული თუ შეხვდები საპენსიო ასაკს, ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავ და სხვა ადამიანები დაიწყებენ ყოველდღიურობის განსაზღვრას.

ეს სხვა ადამიანები განსაზღვრავენ რა უნდა ჭამო, რა უნდა დალიო, როდის უნდა ადგე ლოგინიდან და ჩაიცვა ტანსმელი, გაიხადო და დაწვე საწოლში, ეგ კი არა როდის უნდა წახვიდე ტუალეტში, იბანავო, გახვიდე სასეირნოდ და ა.შ.

ჩემი ახლანდელი გადასახედიდან არასახარბიელო მომავალია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მოხუცებს აქვთ ყველაფერი რასაც ბევრი ავადმყოფი ქართველი მოხუცი ინატრებდა, მაინც არის ბევრი რამ რაზეც მუშაობა არის საჭირო. ჩვენ რამოდენიმე მოხუცს თავისი ბინა კარგად აქვს მოწყობილი. სახლიდან ძვირფასი ნივთები აქვს წამოღებული, სურათები, წიგნის თაროები და ა.შ. და აქ ხვდები რომ მათ სახლი მოიწყვეს და ეს მოხუცები კარგადაც გრძნობენ თავს. არის კატეოგირია რომლებსაც ოთახში მხოლოდ საწოლი, მაგიდა და ერთი სკამი აქვს. აი აქ კი პირიქით მძიმედაა საქმე, და სამწუხაროდ არავინ მუშაობს მათთან რომ დაეხმაროს ადაპტაციაში.

ისეთი სისტემის შექმნა რომ ყველაზე მუშაობდეს ალბათ შეუძლებელი იქნება. თავად მოხუცებულთა სახლების მოდელი არის ძალიან კარგი და მუშა, იაპონელებიც კი აქაურ მოდელს იყენებენ მოხუცებულთა სახლების შესაქმნელად (მათ ახლა დაიწყეს მსგავსი დაწესებულებების აგება, რადგან ქალებმაც მუშაობა დაიწყეს და საჭიროების შემთხვევაში მომვლელის როლი დაკარგეს), მაგრამ მაინც არის რაღაც რის გამოც მაინც მეცოდებიან ეს მოხუცები და ეს ზოგი პერსონალის დამოკიდებულებაა მათ მიმართ.

1 comment:

Keti said...

სასტიკად არ მინდა ასე, ოდესმე. ვინმემ განმისაზღვროს – რა და როგორ :(
რა ძნელია :(