Jun 4, 2011

Torta al Cioccolato con spuma di Latte al Kirsch

უჰ, ამ ნამცხვრის სახელწოდება ძლივს დაწერე, მაგრამ დამიჯერეთ წვალებად ნამდვილად ღირდა სახელის დაწერაც და ნამცხვრის გამოცხობაც. ადრე ერთ პოსტში ვწერდი ნამცხვრების წიგნის შესახებ რომელიც დიდი ხანია გვაქვს მაგრამ ნელ ნელა ვეპარები, იმიტომ რომ ჯერ ერთი - წიგნი იტალიურადაა და გადმოთარგმნა მეზარება, და მეორეც თითოეული ნამცხვარი იმდენად რთული ჩანს რომ მხოლოდ რეცეპტის წაკითხვა მყოფნის იმისათვის რომ უარი ვთქვა.

თუმცა გუშინ ჩემ თავს გამოწვევა გავუკეთე და მორიგი ნამცხვარი მოვამზადე, ნამცხვრის სახელია Torta al Cioccolato con spuma di Latte al Kirsch, იმდენად გემრიელი გამოვიდა რომ გადავწყვიტე რეცეპტის თქვენთვის გაზიარება. დამიჯერეთ ეს ის ნამცხვარია რომელიც ფურორს გამოწვევს ნებისმიერ სიტუაციაში :) ძალიან ნაზიმ პირში დნება და შოკოლადის და ალუბლის მსუბუქი გემო დაჰკრავს :)


აბა დავიწყოთ მომზადება :)

1. ნამცხვრის ბაზა - ნამცხვრის ბისკვიტისათვის გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი - კლადკაკა . როცა ბაზას გამოაცხობთ კარგად გააცივეთ.

2. ალუბლის მუსი:
  • ცივ წყალში დაალბეთ 4 გრამი ჟელატინი (ორი ფურცელი).
  • 100 მლ. რძეში ჩაყარეთ 100 გრ გამოკურკული ბალი ან ალუბალი, დაამატეთ 40 გრამი შაქარი და წამოადუღეთ. როცა წამოდუღდება გადმოდგით გაზქურიდან, დაამატეთ გაწურული ჟელატინი და შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. როცა შეგრილდება დაამატეთ 100 გრამი ალუბლის ლიქიორი.
  • თასში ათქვიფეთ 200 გრამი ნაღები, და ნელ ნელა დაამატეთ რძიან - ლიქიორიანი მასა.
3. შოკოლადის მუსი.
  • ცივ წყალში დაალბეთ 5 გრამი ჟელატინი (დაახლობით ორნახევარი ფურცელი)
  • წყლის აბაზანაზე დაადნეთ 160 გრამი შავი შოკოლადი და 50 მლ. ნაღები.
პარალელურად კი:
  • თასში კარგად ათქვიფეთ ორი კვერცხის გული და 40 გრამი შაქრის პუდრა.
  • მეორე თასში კარგად ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და ნელ ნელა შეათქვიფეთ 220 მლ ნაღები.
  • შოკოლადი რომ დადნება, დაამატეთ გაწურული ჟელატინი, კარგად ამოურიეთ და შემდეგ კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გულიან მასას. ამ მასას ბოლოს დაამატეთ ნაღებიან ცილიანი მასა და ნაზად მაგრამ კარგად აურიეთ.
მიმდევრობა:
  • ნამცხვრის ბისკვიტს დაასხით შოკოლადის მუსის ნახევარი, შედეთ საყინულეში 10 წუთით.
  • 10 წუთის შემდეგ დაამატეთ ალუბლის ლიქიორიანი მასა და ისევ შედეთ საყინულეში 10 წუთით.
  • სულ ბოლოს დაამატეთ შოკოლადის მუსის მეორე ნაწილი, და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.

მორთულობა:
ნამცხვრის მორთვა შესაძლებელია მარილში მოხალული ნუშით ან პისტაჩიოს და ქოქოსის ფანტელის ნარევით.

გემრიელად მიირთვით ტკბილ ღვინოსთან ერთად :)


4 comments:

ჩორვენი¹³ said...

რაღაც ნამეტანი აჭრილი არომატებით არის ეს ნამცხვარი : ) ვერ წარმომიდგენია რა გემო უნდა ჰქონდეს : )

რაღაც ”მთვრალი ალუბალის” და შოკოლადის მუსის ნარევი ფისტაშკების არომატით?

Tamara said...

ჩორვენი¹³ - heheee, ჩემი რეაქციაც მასეთი იყო რომ რა უნდა იყოს ეს არომატი თქო. მთვრალ ალუბლას არ გავს, იმიტომ რომ ჯერ ერთი გემო აქვს ძალიან მძაფრი და გამოხატული მაგას, და მერეც კონსიტენცია სულ სხვაგვარია.

ფისტაჩკებს რაც შეეხება, მარილია გადამწყვეტი რომელსაც შოკოლადის და ალუბლის გემო გაქმოაქვს პირში :) ზოგადად მის გემოს ვერც კი გრძნობ.

Keti said...

ჩემ თვალში ხარ საოცარი კულინარი. მართლა. ძალიან საინტერესო რამ ჩანს – გარეგნობითა თუ სავარაუდო გემოთი :)

Toma said...

ქეთი- მიხარია რომ მოგწონს :*