Jul 7, 2010

რეალურად რატომ ამოიქექა 9 წლის წინანდელი საქმე?!

”შპს "ელიზის" დირექტორს თამაზ ელიზბარაშვილს, მის მეგობარს თემურ მაჭავარიანს და ზურაბ ივანიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ .თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით.

ადვოკატები არ დათანხმდნენ პროკურატურის შუამდგომლობას. დამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა გირაოს – 10 ათასი ლარის შეფარდებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შპს "ელიზის" დირექტორმა თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოზე განცხადებაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი მე-5 იზოლატორში იხდიდა სასჯელს. ეს პერიოდი იყო შევარდნაძის მმართველობის დრო. მე-5 იზოლატორში იყვნენ კანონიერი ქურდები და მათი დიქტატურა. ხდებოდა ზეწოლა მის შვილზე, პატიმარ გურამ ელიზბარაშვილზე. განსაკუთრებით მასზე, ვინაიდან მისი მამა იყო ბიზნესმენი, ატერორებდნენ, თანხას სძალავდნენ, ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც, ვენები გადაიჭრა და ვალდებული იყო მამა შვილისთვის ეშველა."ამიტომ მომიხდა ხალხის შეწუხება. მინდოდა გადამეყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ქურდული სამყარო არ იქნებოდა. ასეთი დაწესებულება ფოთის ფსიქიატრიული იყო. ჩემი მეგობრის საშუალებით დავუკავშირდი ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტს ხარებავას, რომელმაც მითხრა, რომ დასკვნის დადებისთვის საჭირო იყო გარკვეული თანხა. მე ეს თანხა გადავიხადე და ჩემი შვილი სიკვდილს გადავარჩინე, გადავიყვანეთ ფოთის ფსიქიატრიულში", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.მანვე აღნიშნა, რომ მისი დანაშაული ის არის, რომ შვილს დაეხმარა და სიკვდილისაგან იხსნა. მისივე განცხადებით, გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. 2010 წლის 3 ივნისსაც გადაიჭრა ვენები და მიიყენა თვითდაზიანებები. მას 80 ჭრილობა აქვს მიყენებული. მართალია ფსიქიურად არ არის ნორმალური, თუმცა მისი განმარტებით, ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს უფრო დამძიმებული დასკვნა დააწერინა, რომელიც საჭირო გახდებოდა ფოთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადასაყვანად.

მანვე აღნიშნა, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს არ შეუშლიდა გამოძიებას, არ მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. გარდა ამისა, თამაზ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რომ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აქვს ძაღლების თავშესაფარი, სადაც უპატრონო ძაღლებს მფარველობს და ეწევა ბიზნეს-საქმიანობას.

მისივე განცხადებით, იგი მზად იყო თავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადა 10 ათასი ლარი, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულების და მათი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.”

No comments: